ქუჩის პოეტი

18 წლის ვარ. ერთდროულად ძალიან რთულია და ადვილი იყო 18 წლის. არც ბავშვი ხარ და არც ზრდასრული. სადღაც შუაში იმყოფები და გსიამოვნებს სამყაროში ჯერ ვერ გარკვეული როგორ ნელ ნელა ერკვევი. ყველაფერს თავის სახელს არქმევ და ყველას თავის ადგილს უჩენ. ეს ერთგვარი თავგადასავალია საკუთარ თავში. 

18 წლის ვარ. ამ ასაკში ყველაზე დიდი ფილოსოფია ალბათ შეყვარებაა. ერთდროულად ძალიან რთულია და ადვილი არ იყო შეყვარებული. არც ბედნიერი ხარ და არც უბედური. სადღაც შუაში იმყოფები და გსიამოვნებს სიმარტოვის და სიცარიელის ტარება ღრმად საკუთარ სულში. ყველაფერს შენი ხედვით განმარტავ,ყველას შენს თავისუფლებას აცნობ. 

სიყვარული. ასაკის მატებასთან ერთად უფერულდება,ძალას კარგავს. ერთადერთი გზა ახალგაზრდობაა. შეიცნო ეს გრძნობა და ჩაკეტო შენს სულში! სიყვარული არ არსებობს. ისევე როგორც პოეზია! პოეზია ქარია. სიტყვები მოაქვს და მიაქვს. ფურცლები ჯარისკაცებია პოეტისა და მუზების ორთაბრძოლის შემსწრე! 

გიწერიათ ქუჩაში ლექსები? მე წამიკითხავს.
ქუჩა ჩემი მეორე სხეული გახდა. ლექსებმა იგი იისფრად შემოსეს. 
ეს უცნაური სურვილი მაშინ გამიჩნდა,როდესაც ლექსების სხვისთვის გაზიარების ოცნებამ გამიტაცა. ჩვენნაირ ღარიბ სახელმწიფოში უზრუნველყოფილი ნამდვილად არარის პოეზია. ქუჩა კი ცალკე სახელმწიფოა.
პირველი ლექსი დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლას გავდა.შემოდგომაზე იყო. რუსთაველის თეატრის გვერდზე ვიდექი. მიკროფონი გამიფუჭდა და ჩემი ხმა ცუდად ისმოდა. ქარი იყო. ქარი პოეზიის. ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა და კვლავ განმეორდება,ამჟამად უკვე გაზაფხულზე.

18 წლის ვარ.  მე ვაპატიე საკუთარ თავს. ერთდროულად ძალიან რთული და ადვილია ჩემი თავი. ერთმანეთი 16 წლის ასაკში გავიცანით და მას შემდეგ ერთგულებაზე პრეტენზია არ გვაქვს. რამდენჯერმე ვუღალატეთ ერთმანეთს. მერე ვაპატიე და შევრიგდით. ასეა დაუსრულებლივ. მიყვარს ჩემი თავი.მასაც ვუყვარვარ.

18 წლის ვარ. მე არასდროს დავწერ მოთხობას. მითუმეტეს საკუთარ თავზე. რადგან მთელი ჩემი ცხოვრება ლექსია. ერთი ამოსუნთქვით დაწერილი, სისხლის დაღვრით დაწერილი ლექსია. მე მინდა მიყვარდეს,ხეები,მერცხლები,გაზაფხული,შემოდგომის დღეები. მაგრამ ადამიანები არ შემიყვარდნენ.ისინი დამტოვებენ და დამიტოვებენ მოგონებებს. წარსული კი გაანადგურებს აწმყოს მშვენიერებას.
 

18 წლის ვარ. მიფიქრია სიკვდილზე. ერთდროულად ადვილი და რთული უნდა იყოს სიკვდილიც. გარდაიცვალო ერთი სამყაროდან მეორეში და დატოვო კვალი. ღმერთივით უხილავი ან ხილული,როგორც შეცდომა.  თუმცა სიცოცხლზე უფრო მეტს ვფიქრობ. სიცოცხლის წყურვილი უფრო მძლვრობს ჩემში.ვიდრე სინაცრისფრე. 

 

18 წლის ვარ. მითხარით,რომ ამ ასაკში ყველა მარტოსულია.